Skip to main content

3 ტერმინი, რომელსაც ფინანსურ აღრიცხვაში შეხვდები

magaziis-agricxva

თუ სტარტაპერი ხარ, წამოიწყე ბიზნესი და თანდათან ერკვევი ფინანსურ სააღრიცხვო სისტემებში ხშირად მოგიწევთ შეხება ისეთ ტერმინებთან როგორიცაა: ფასნამატი, მარჟა და საშუალო ქვითარი. რას ნიშნავს თითოეული მათგანი, რა ინფორმაციის მატარებელია და როგორ უნდა გამოითვალოთ ამას მითითებულ ბლოგში შეიტყობთ.

ფასნამატი

ფასნამატი ეს არის სხვაობა პროდუქტის შესყიდულ ღირებულებასა და მის გასაყიდ ფასს შორის და გამოიხატება პროცენტულად. მარჟა და ფასნამატი ურთიერთკავშირშია და ორივე მნიშვნელოვანია კომპანიის მომგებიანობის განსასაზღვრად.

ფასნამატი ხშირად ეშლებათ მოგების მარჟაში, არადა ისინი სრულიად სხვადასხვაა. ფასნამატი მხოლოდ გასაყიდ და შესასყიდ ფასებს შორის სხვაობაა და მოგება რომ დავთვალოთ, მას უნდა გამოაკლდეს კომპანიის სხვა ხარჯები, მაგალითად, ადმინისტრაციული, იჯარის, მარკეტინგის, საპროცენტო, გადასახადები და ა.შ. ანუ, თუ მაღაზიამ ერთი ტონა კომბოსტო 2,000 ლარად იყიდა და 3,000 ლარად გაყიდა, 1,000 ლარი იქნება ფასნამატი, მაგრამ არა მოგება, რადგან აღნიშნულ 1,000 ლარს უნდა გამოაკლდეს მაღაზიის სხვა ხარჯები (ხელფასები, კომუნალურები და ა.შ.).

როგორ გამოითვლება ფასნამატი და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას?

ფასნამატი პროცენტულად შემდეგნაირად გამოითვლება:

(პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებას – პროდუქტის თვითღირებულება)/ თვითღირებულებაზე * 100

ფასწარმოქმნის პროცესზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

  • პროდუქტთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი
  •  ზედნადები ხარჯები ერთეულზე გაანგარიშებით
  •  საგადასახადო ხარჯები
  •  მისაღები მოგება

თუმცა, არსებული ჩამონათვალის გარდა მნიშვნელოვანია:

  • კონკურენტებისა და ბაზარზე არსებული ფასების ანალიზი
  •  ბაზარზე არსებული კომპანიების საწარმოო ხარჯების ანალიზი და წარმოების გაიაფების შესაძლებლობები
  •  სრული სადისტრიბუციო ხარჯი (ხარჯი პროდუქციის რეალიზებამდე)

კომპანიის ხელმძღვანელობა უნდა ცდილობდეს ისეთი ფასი დაადოს პროდუქტს, რომელიც დაფარავს მის წარმოებასთან, განაწილებასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და მაქსიმალურ მოგებას მოუტანს კომპანიას.

მარჟა

მოგების მარჟა არის კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი კოეფიციენტი. ის გამოითვლება კომპანიის შემოსავალში მოგების წილის გაანგარიშებით. მაგალითად, თუ კომპანიის შემოსავალი 5,000 ლარია და აქედან მოგება 1,000 ლარია, მოგების მარჟა იქნება 20%, რადგან 1,000 ლარი 5,000 ლარის 20%-ია.

მოგების მარჟა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია კომპანიის ეფექტიანობის შესაფასებლად და მას დიდ ყურადღებას აქცევენ.

შესაძლებელია გამოთვალოთ ბიზნესის საერთო მარჟა ან მარჟა ცალკეული პროდუქტებისთვის. ეს უკანასკნელი ეხმარება ბიზნესს მოახდინოს ყველაზე შემოსავლიანი ან ნაკლებ შემოსავლიანი საქონლის/მომსახურების იდენტიფიცირება, რაც  ბიზნესის მენეჯერს აძლევს საშუალებას, იცოდეს ყველაზე მეტად რომელ პროდუქტს მოაქვს მისთვის მოგება და რომელია ნაკლებ მომგებიანი.

როგორ გამოითვლება მარჟა?

ფინანსურ აღრიცხვაში არსებობს მარჟის სამგვარი გაანგარიშება:

  • მთლიანი მოგების მარჟა
  • საოპერაციო მოგების მარჟა
  • წმინდა მოგების მარჟა

მთლიანი მოგების მარჟა გამოითვლება შემდეგნაირად:
(წმინდა გაყიდვები – გაყიდული საქონლის ღირებულება) / წმინდა გაყიდვები

პროდუქტის მთლიანი მარჟის ან კომპანიის მთლიანი მარჟის ცოდნა ეხმარება ბიზნესის მფლობელს ან მენეჯერს განსაზღვროს, თუ რამდენი შემოსავალი ინახება მთლიანი მოგების სახით.

საოპერაციო მოგების მარჟა = საოპერაციო მოგება გაყოფილი წმინდა გაყიდვებზე.

მთლიანი მოგების მარჟისგან განსხვავებით, საოპერაციო მოგების მარჟა ასევე ითვალისწინებს საოპერაციო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის ადმინისტრაციულ და გაყიდვების ფუნქციებთან, პლუს წარმოების ხარჯებთან.

წმინდა მოგების მარჟა = წმინდა მოგება გაყოფილი წმინდა გაყიდვებზე.

იმის გამო, რომ ეს მარჟა მოიცავს ორგანიზაციის ყველა შემოსავალსა და ხარჯს, ის, როგორც წესი, ყველაზე აქტუალურია და ორგანიზაციები იყენებენ მას როგორც კომპანიის, ასევე პროდუქტის მომგებიანობისა და მენეჯმენტის მუშაობის შესაფასებლად.

საშუალო ქვითარი

საშუალო ქვითარი – ეს არის შემოსავლის ოდენობა გაყოფილი ქვითრების რაოდენობაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

იმისათვის რომ შეიმუშაოთ თქვენი მაღაზიის/ბიზნესის მართვის სწორი სტრატეგია, აუცილებლად უნდა  გქონდეთ ინფორმაცია საშუალო ქვითარზე. ბიზნესის, საცალო ვაჭრობის ან მაღაზიის მფლობელმა უნდა იცოდეს საშუალო ქვითრის ოდენობა იმისთვის, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები გაყიდვების გასაზრდელად. ის ნათლად აჩვენებს ბრუნვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში (თვე, კვარტალი ან წელი).

როგორ გამოითვლება საშუალო ქვითარი?

თვის, კვარტლის, ან წლის ჭრილში, თუ მომხმარებლის ყველა შესყიდვის ჯამს გაყოფთ ქვითრების საერთო რაოდენობაზე, მიიღებთ საშუალო ქვითარს, რაც სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის მაღაზიაში თითოეული შესყიდვის თანხის საშუალო ღირებულება.

მაგალითად, თუ თქვენ ყიდით ფეხსაცმელს და გაქვთ 150 ლარის ღირებულების ჩინური ფეხსაცმელი და ასევე ბრენდული,  3000-4000 ლარის ღირებულების იტალიური ფეხსაცმელი. კარგი ბრუნვის შემთხვევაში, მომხმარებელი შეიძენს ყველანაირ ფეხსაცმელს, როგორც ჩინურს, ასევე იტალიურს.

საშუალო ჩეკი, ამ შემთხვევაში, ტოლი იქნება ყველა ჩეკის ჯამისა, რომელიც უნდა გაიყოს მათ რიცხვზე.

მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ

120 წყვილი გაიყიდა 150 ლარად,

7 წყვილი – 3000 ლარად და

1 წყვილი – 4000 ლარად

როგორ ვთვლით საშუალო ქვითარს?

120 * 150+7 * 3,000 + 1 * 4,000 = 43,000 (ქვითრების ღირებულების ჯამი)

120 + 7 + 1 = 128 (ქვითრის რაოდენობა)

43,000 / 128 = 335,93 (საშუალო ქვითარი)

საჭირო მონაცემების მიღების შემდეგ შეგიძლიათ გააანალიზოთ გაყიდვები, გაეცნოთ სეზონურ რყევებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია ბიზნესის მომავალი ზრდისა და განვითარების პროგნოზირება.