Skip to main content

თუ გაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ეს უნდა იცოდე

salaros-inventari

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება ინდივიდუალურ მეწარმეს, თუ მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) 500 000 ლარს არ აჭარბებს.

განსაზღვრულია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი. მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. ასეთია საქმიანობები, რომლებიც რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;

  •  საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება);
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულ­ტანტთა) საქმიანობა;
  • სათამაშო ბიზნესი;
  • პერსონალით უზრუნველყოფა;
  • აქციზური საქონლის წარმოება.

რატომ ინტერესდებიან მეწარმეები მცირე ბიზნესის სტატუსით?

მიზეზი მარტივია, მცირე ბიზნესის სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ მსურველი ბევრია, მთავარია, აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს და ოფიციალური გადასახადის (20 ლარი) და განაცხადის საფუძველზე შეძლებთ სტატუსის მოპოვებას.

რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული მცირე ბიზნესის სტატუსი?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სტანდარტული 20% საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად იხდის მხოლოდ 1%-ს. თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე), მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იბეგრება 3 პროცენტით. თუ ამ შემოსავალმა ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500,000 ლარს, ინდმეწარმე დაკარგავს „მცირე ბიზნესი“-ს სტატუსს.

თუ გარკვეულ წლებში, მაგრამ არა ზედიზედ, პირის შემოსავალმა გადააჭარბა 500,000 ლარს, მაშინ იგი დაიბეგრება 3%-ით ნაცვლად 1%-სა. კერძოდ, პირი 3%-ით დაიბეგრება გადაჭარბების თვიდან დაწყებული კალენდარული წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, მცირე მეწარმის სტატუსის მქონეთათვის ნებაყოფლობითია საპენსიო სქემაში გაწევრიანება, რაც იმას ნიშნავს რომ მას არ მოუწევს 2+2% საპენსიო ანარიცხების გადახდა.

აღსანიშნავია, რომ იმ მნიშვნელოვანი უპირატესობის გარდა, რაც ზემოთ განხილულ საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული, მცირე ბიზნესის სტატუსს შპს-სთან (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან) შედარებით გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირადად აგებს პასუხს ბიზნესის ვალდებულებებზე. მაგალითად, თუ ბიზნესს აქვს მომწოდებლის მიმართ (ან ბანკის მიმართ) ვალი, მაგალითად, 200,000 ლარი და ვერ ახერხებს მის გადახდას, კრედიტორს უფლება აქვს ვალის დაბრუნება მოსთხოვოს პირადად, მეწარმე ფიზიკურ პირს.  შპს-ს შემთხვევაში ვალის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის აქტივებიდან და არა მფლობელის პირადი ქონებიდან.

გარდა ამისა,  შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები განსხვავდება დღგ-ის გადამხდელი და არგადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმისთვის. 

კერძოდ, დღგ-ის არგადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დოკუმენტურად აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრებით, ეს მისი შემოსავლების აღრიცხვის ერთადერთი სავალდებულო ფორმაა.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის აღრიცხვის ვალდებულება კი წარმოექმნება მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას.

აღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღგ-ის არგადამხდელ მცირე მეწარმესთან ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს შესაძლო აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) და არა მათი დანაკლისის გამოვლენის მიზნით. 

რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის აღწერის ვალდებულების შესახებ ჩანაწერს, ამით კანონმდებლობა მიგვითითებს, რომ ასეთ შემთხვევაში მცირე მეწარმის დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ნაშთების აღრიცხვის სისწორე, რაც თავის მხრივ – შეძენისა და რეალიზაციისას პროდუქციის თვითღირებულებების სწორად განსაზღვრასაც მოიცავს. 

რა შემთხვევაში იკარგება მცირე ბიზნესის სტატუსი?

როგორც ზემოთ აღინიშნა,  სტატუსი იკარგება მაშინ თუ პირის შემოსავალი მიყოლებით 2 წლის განმავლობაში თითოეულ წელს აღემატება 500,000 ლარს.

გარდა ამისა სტატუსი იკარგება თუ პირი წლის განმავლობაში 3-ჯერ დაჯარიმდა სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის. ან თუ იგი ახორციელებდა ე.წ. „აკრძალული საქმიანობებიდან“ ერთ-ერთს.